უცხოეთი
ამერიკელი კონგრესმენი - ნატო-მ უნდა გააგრძელოს მისი პარტნიორების, უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წარმომადგენლის, კონგრესმენ ჯერალდ კონოლის მიერ მომზადებული ანგარიში დაამტკიცა.

ანგარიშის მე-17 და 42-ე მუხლებში საუბარია საქართველოზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმაზე, რომ ნატო-სთვის კვლავ გამოწვევად რჩება აგრესიული რუსეთი.

„რუსეთი თავს დაესხა თავის მეზობლებს – 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომი, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ყირიმის ძალისმიერი და უკანონო ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრა, მოლდოვის რესპუბლიკის ნაწილის ოკუპაცია და კვლავაც ეჭვგარეშე გახადა კოლექტიური თავდაცვის საჭიროება ნატო-სთვის“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

საქართველოს შესახებ საუბარია დოკუმენტის 42-ე მუხლშიც.

„ალიანსმა უნდა გააგრძელოს აღმოსავლეთით მისი პარტნიორების, უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა, განსაკუთრებით რუსეთის უნებართვო შეჭრის გათვალისწინებით და გაამხნევოს ისინი. მონტენეგროსა და მაკედონიის წევრობა ძლიერი მესიჯია. ნატო უარყოფს რუსეთის ვეტოს იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებსაც ალიანსის წევრობა სურთ. 2008 წელს ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველოს აქვს პრაქტიკული მექანიზმები წევრობისთვის მოსამზადებლად, როგორიც არის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ეროვნული ყოველწლიური პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. არსებითი კონტრიბუციით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობითა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაში ნატო-სთან ერთობლივი მცდელობებით საქართველო შესანიშნავ როლს ასრულებს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ალიანსმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მისი წევრობის პროცესში,“- აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც პოლიტიკურ კომიტეტზე დაამტკიცეს და ორშაბათს, 14 ოქტომბერს სესიაზე უყრიან კენჭს.

1tv.ge