საზოგადოება
მამუკა არეშიძე - საქართველო უნდა ეცადოს, თავისი პარტნიორების ინტერესების ჭიდილში არ ჩაებას

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პოზაში დგომის უფლება არ აქვს, ის იძულებულია, მაქსიმალურად მოქნილად იმოქმედოს, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“განუცხადა.

არეშიძის თქმით, სირიაში მწვავე ვითარება თუ დროში გაიწელა, ამ პროცესს საქართველოზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური გავლენა ექნება.

თუ ეს კონფლიქტი ლოკალურად და მოკლე ვადაში მოგვარდება, მაშინ განსაკუთრებულ გავლენას არ მოახდენს საქართველოზე, მაგრამ, თუ ეს კონფლიქტი დროში გაიწელება და ასეთი პირი უჩანს, მაშინ, რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა ექნება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. ეს შესაძლო გავლენა შეიძლება დავყოთ პოლიტიკურად, ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ეკონომიკური კუთხით, თურქეთისთვის, რომელიც ჩართულია ბრძოლაში და ეს კარგა ხანს გაგრძელდება, ჩემი ვარაუდით, ეს გამოიწვევს თურქეთის ეკონომიკის კიდევ უფრო დაზარალებას. საქართველოს ეკონომიკა კი თურქეთის ეკონომიკაზეა მიბმული. შესაბამისად, ეს პროცესი ლარის კურსზეც აისახება. ლირას კურსზე კი უკვე მოქმედებს. გარდა ამისა, ომით დაკავებულ ქვეყანაში რთული იქნება იმ სამუშაოთი დაკავება, რითაც არაერთი ათასი ქართველი ფულს შოულობს სეზონის განმავლობაში“, - განაცხადა არეშიძემ.

როგორც არეშიძე აღნიშნავს, სირიაში კონფლიქტის შედეგად შესაძლოა, საქართველოს მიმართულებით ლტოლვილთა ახალი ნაკადები გაჩნდეს.

ექსპერტი აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობის საკითხში საქართველოს პოზიციაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ არის რეგიონალურად მსხვილი პოლიტიკური მოთამაშე, უნდა ეცადოს, თავისი პარტნიორების ინტერესის ჭიდილში არ ჩაებას.

რაც შეეხება საქართველოზე გავლენას უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ არის გამორიცხული, რომ ლტოლვილთა ახალი ნაკადები გაჩნდეს სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, საქართველოს მიმართულებით.

პოლიტიკური კუთხით კი ეს პროცესი ნიშნავს დაპირისპირებას საქართველოს პოლიტიკურ პარტნიორებს - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის. საერთოდ, რეგიონალური მასშტაბით ახალი პოლიტიკური სურათის შექმნის მცდელობები გაჩნდება სხვადასხვა მხრიდან, ეს კი აუცილებლად აისახება საქართველოს პოლიტიკაზე. რთულია, როცა შენი პარტნიორები ერთმანეთთან დაძაბულ მდგომარეობაში არიან და შენ აქედან მშრალი გამოხვიდე.

საქართველოს არ აქვს უფლება პოზაში დგომა დაიწყოს. ის იძულებულია, რომ ამ სიტუაციაში მაქსიმალურად მოქნილად იმოქმედოს, რადგან საქართველო არ არის რეგიონალურად მსხვილი პოლიტიკური მოთამაშე. აქედან გამომდინარე, უნდა ეცადოს, რომ თავისი პარტნიორების ინტერესების ჭიდილში არ ჩაებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა კულუარულად მწვანე შუქი აუნთო თურქეთ, ახლა ისეთი განცხადებებით გამოდის, რომ თურქეთმა უნდა შეაჩეროს თავისი მოქმედებები. საქართველოს მართებს მაქსიმალურად მოზომილი და მოქნილი პოლიტიკის გატარება ამ ვითარებაში“, - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს თურქეთის ჯარმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში ქურთების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო თავდასხმა განახორციელეს. თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიიპ ერდოღანის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების მიზანი ტერორისტული დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარებაა.