უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს აშშ-ის მუქარა არ აშფოთებს და სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ეროდღანის თქმით, აშშ-ის მუქარა, სანქციების დაწესების შესახებ, თურქეთს არ აშფოთებს და სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს. ეს განცხადება თურქეთის ლიდერმა აზერბაიჯანში ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ჩვენი მიზანი ნათელია და ჩვენ არ ვშფოთავთ რაიმე სანქციების დაწესების გამო. სირიელი ქურთი მებრძოლები ძალიან სწრაფად კარგავენ პოზიციებს. ჩვენი მიზანია, ტერორისტები თურქეთის საზღვრიდან 32 კილომეტრში განვდევნოთ. ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ,“ – განაცხადა ერდოღანმა.

აშშ-მა თურქეთს სანქციები 14 ოქტომბერს დაუწესა. ამის მიზეზად აშშ-ში თურქეთის მიერ სირიაში წამოწყებული სამხედრო ოპერაცია დაასახელეს. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ თუ ანკარა ოპერაციას არ შეაჩერებს, სანქციები შესაძლოა, გამკაცრდეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 16 ოქტომბერს თურქეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავა, რომლის შემადგენლობაში იქნებიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

1tv.ge