უცხოეთი
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და „სახალხო დაცვის შენაერთის“ ტერორისტებმა შეთანხმება 20-ჯერ დაარღვიეს

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი

„ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და „სახალხო დაცვის შენაერთის“ ტერორისტებმა უსაფრთხოების ზონის შეთანხმება 20-ჯერ დაარღვიეს, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თელ-აბიადის რეგიონში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ქურთული სამხედრო ჯგუფები თურქულ პატრულს დაესხნენ თავს და თურქეთის არმიის ერთი ჯარისკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

ანკარაში აცხადებენ, რომ თუ ქურთული სამხედრო ჯგუფები 22 ოქტომბრამდე 30-კილომეტრიანი ზონიდან არ გავლენ, თურქეთი სამხედრო ოპერაციას განაახლებს.

ქურთული „სირიის დემოკრატიული ძალების“ სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ქურთები თურქეთის საზღვრიდან ძალების გაყვანას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც თურქეთი ალყაშემორტყმულ ქალაქ რას ელ-აინიდან დარჩენილი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლების ევაკუაციის საშუალებას მისცემს.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. 17 ოქტომბერს კი, აშშ-ის შუამდგომლობით, ანკარა 120-საათიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.

1tv.ge