აქტუალური
ქართველებს ეს ფორუმი დაგვეხმარება, უკეთესად შევასრულოთ ჩვენი მისია - ვიყოთ ევროპა-აზიის ხიდი - პრემიერი გახარია

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ სიტყვით გამოსვლით გახსნა. პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დღევანდელი ფორუმი, მისი ორი წინამორბედი ფორუმის წარმატების გამოძახილია. მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძობს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას და დღეს, ჩვენ სტუმრად გვყავს 2 000-მდე დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.

ისტორიულად საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აბრეშუმის გზის განვითარებაში. თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას, ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის პრიორიტეტია და კიდევ უფრო მეტად საამაყოა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ შესახებ.

საქართველომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და უკვე 2015 წელს თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა ჩინეთის მხარესთან, რამაც ახალი ბიძგი მისცა ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რამაც უკვე თავისი შედეგიც გამოიღო - დღეს საქართველოს რესპუბლიკას და ჩინეთს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. აღნიშნული ფორუმი არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.

დღევანდელი ფორუმი ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომლებიც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფციის ეფექტიანი რეალიზაციის საფუძველია. რა თქმა უნდა, განხილვის თემა იქნება ტრანსპორტი, საერთაშორისო ვაჭრობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიტყვის დასრულებისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ უდიდეს მნიშვნელობას ქვეყნის შესაძლებლობების რეალიზებასა და ახალი მიღწევების განხორციელებაში.

დარწმუნებული ვარ, ეს ორდღიანი ფორუმი იქნება ეფექტიანი განხილვების ძირითადი პლატფორმა ჩვენი სტუმრებისთვის. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი აბრეშუმის გზის პერსპექტივის განხორციელებაში - ჩვენს ქვეყანას და ჩვენს რეგიონს თქვენს თვალში წარმოაჩენს ახალი შესაძლებლობების და ახალი მიღწევების თვალსაზრისით.

გვჯერა, რომ ჩვენ ქართველებს ეს ფორუმი დაგვეხმარება, უფრო კარგად და ეფექტიანად შევასრულოთ ჩვენი მისია - ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი და ვიყოთ ის ადგილი, სადაც ეს ორი ცივილიზაცია ერთმანეთს ხვდება. ჩვენ ხომ საქართველოში ვართ, ქვეყანაში, სადაც წარსული და ტრადიციები არის ის ფუნდამენტი, რომელზეც იქმნება ჩვენი მომავალი, ჩვენი ყველას მომავალი, რეგიონის მომავალი, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნების და მოქალაქეების კეთილდღეობის მიზნით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.