საზოგადოება
ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ - გიორგი ვაშაძე

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის ხალხის ხელში, რომელიც პროპორციული არჩევნების ჩატარებას ითხოვს, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ბრიფინგზე სიმბოლურად გასაღებიც მიიტანა.

ის, რომ გუშინ არაძალადობრივი გზით მოხდა ეს ყველაფერი, სწორედ აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დამსახურებაა. მინდა, ყველა მონაწილეს და პოლიტიკურ პარტიას მადლობა ვუთხრა. აქვე მინდა მივმართო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს: ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები სწორედ ხალხის ხელშია, რომელიც თქვენგან ითხოვს პროპორციული არჩევნების ჩატარებას. ამიტომ, ძალისმიერი მეთოდებით მუშაობას, სჯობს გქონდეთ სამოქმედო გეგმა. ჩვენ მივდივართ ჩვენი გეგმით – ეს არის მშვიდობიანი, საპროტესტო, არაძალადობრივი მოქმედებები გამარჯვებისთვის და ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სიმბოლურად ბოქლომი დაუბრუნა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ბოქლომი არის სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ოპოზიციის მიდგომებს და ღირებულებებს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს მიმართ.