სამართალი
ქართული ბლოკპოსტი წნელისთან არის ეკალი, რომელიც მთელ რესპუბლიკას ტკივილს აყენებს - ანატოლი ბიბილოვი

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სოფელ წნელისთან ქართულ საგუშაგოს უწოდა "ეკალი, რომელიც მთელ რესპუბლიკას ტკივილს აყენებს".

ბიბილოვი ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა და ეს განცხადებაც სწორედ მათთან შეხვედრისას გააკეთა.

"რამდენიმე თვის განმავლობაში ვითარება სოფელ წნელისთან, სადაც ამ დრომდე არის ქართული ბლოკ პოსტი, გვაღელვებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უკვე თქვენც. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეისწავლეთ 1922 წლის დეკრეტი, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთი ავლებს თავის სახელმწიფო საზღვარს. მით უმეტეს, რომ ჩვენ ჟენევის დისკუსიებზე წარმოვადგინეთ ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიის საზღვრებს ადგენს.

ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი პრობლემა ამ მიმართულებით და მეტიც, გადავჭრათ ისინი. ეს ეხება პირდაპირ ახალგორსაც. მინდა აღვნიშნო, რომ სამხრეთ ოსეთის ერთი რაიონის პრობლემები მთელს რესპუბლიკას ეხება, ის მთელი სახელმწიფოსთვის საერთო ხდება", - თქვა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები გასაგები, ღია და ცალსახაა.

"ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ ღიაობას სხვა მხრიდანაც შევხედოთ. საქართველოს პოლიციის მიერ უკანონოდ აღმართული ბლოკ პოსტის საპასუხოდ ჩვენ იძულებულები გავხდით, საპასუხო ზომები მიგვეღო, რომლებიც მიზნად ისახავს სახელმწიფო საზღვრის გაძლიერებას და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების დაცვას. მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა ორმხრივი უნდა იყოს. ამასთან, ქართულ მხარეს არ აქვს ამ პრობლემის გადაწყვეტის მზაობა".

ბიბილოვმა ასევე თქვა, რომ ჟენევის დისკუსიების ყოველ რაუნდზე საქართველოს მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს.

"დაფიქსირდა საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, მათ შორის პირი, რომელმაც თავად დაადასტურა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის მიზანმიმართული დარღვევის ფაქტი. ეს არის სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს მთლიანი პოლიტიკის გაგრძელება.

დროა, ქართულმა მხარემ გააცნობიეროს, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სწორედ ამაშია პრობლემის მოგვარების გასაღები. აუცილებელია, საქართველომ ხელი მოაწეროს დოკუმენტს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ. ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში წნელისში პრობლემა არ იქნება", - თქვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტმა.