აქტუალური
უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ, რომ დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებასა და გამოწვევებზე - გიორგი გახარია

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ძალამ და საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ გამოწვევებს გავცეთ შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ იმას, რომ დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე და გამოწვევებზე, რომელიცაა ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები.

არაერთხელ ხაზგასმით განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და უპირველეს ყოვლისა, სამუშაო ადგილები. ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში და იწვევს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე, როგორიც არის ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას დღეის მდგომარეობით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ეს გახლავთ ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ძალამ და საქართველოს მთავრობამ, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.