სამართალი
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება - ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიად, რუსეთს კი, საქართველოს მთავარ მტრად

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიად, რუსეთს კი, საქართველოს სახელმწიფოს მთავარ მტრად ,- ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სააგენტო „რესმა“ გაავრცელა.

ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის ოქმს ასაჯაროვებს.

დაკითხვის დროს ვ. გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან სურდა სოფელ მონასტერში ეკლესიის მონახულება, თუმცა ვერ შეძლო, მისი რელიგიური შეხედულებებისა და რწმენის შესახებ მკაფიოდ ესაუბრა. ასევე, ვ. გაფრინდაშვილმა უარი თქვა, ეპასუხა მისი პარტიული კუთვნილების შესახებ კითხვებზე. განაცხადა, რომ მომხრეა საქართველოს ნატო-ში მალე გაწევრიანების, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას განიხილავს, როგორც „საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლების განხორციელებას თავისუფლად გადაადგილებაზე“, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს „საქართველოს ტერიტორიად, რუსეთის მიერ ოკუპირებულად“, რუსეთს კი, საქართველოს სახელმწიფოს მთავარ მტრად“, – აღნიშულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.