სამართალი
არ დაუშვათ, რომ გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულმა ვითარებამ კიდევ მეტად გააღრმავოს სიტუაცია თბილისსა და ცხინვალს შორის “ - ზახაროვა

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი მომხრეა, რომ ცხინვალის რეგიონში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი არ განიხილებოდეს პოლიტიკურ ჭრილში და კეთილი ნებით გადაწყდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვიდეოხიდის მიმდინარეობისას.

როგორც ცნობილია, ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ახალგორში დაშავებული მასწავლებლის დასახმარებლად აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ჭაში ჩავარდნილი ქალი ძლიერ იყო დაშავებული, მაგრამ ადგილზე მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა არავის შეეძლო. გაფრინდაშვილი „საზღვრის დარღვევის“ ბრალდებით დააკავეს.

მოვუწოდებთ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს, არ გადაიტანონ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში. მოგიწოდებთ, გადაჭრათ ეს პრობლემა მხარეთა განკარგულებაში არსებული, დავის დარეგულირებისთვის საჭირო მექანიზმებით... [ჟენევის მოლაპარაკებებში] რუსეთის წარმომადგენლები დაბეჯითებით ურჩევენ მხარეებს, გამოავლინონ კეთილი ნება და არ დაუშვან, რომ გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულმა ვითარებამ კიდევ მეტად გააღრმავოს ისედაც დაძაბული სიტუაცია თბილისსა და ცხინვალს შორის“, — განაცხადა ზახაროვამ.

წყარო: Sputnik-Georgia