პოლიტიკა
ყველა ევროპელი ვალდებულია, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის გადაწყვეტილებას სცეს პატივი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ყველა ევროპელი ვალდებულია, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის გადაწყვეტილებას სცეს პატივი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის გარშემო უცხოელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების ასარჩევად ისეთი გამჭვირვალე წესები, როგორიც დღეს საქართველოშია.

სხვადასხვა განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული გვარები და სახელები არ არის მოსაწონი მათი მხრიდან, მაგრამ მინდა, მათ შევახსენო, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა; ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ამგვარი გამჭვირვალე წესები უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების ასარჩევად. ამიტომ, მათ პირიქით რჩევას მივცემდი, ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავისი უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები სწორედ ღია, ლაივში ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, საქართველოს პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანები და ყველა ევროპელი ვალდებულია, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის გადაწყვეტილებას სცეს პატივი“,– განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს.