პოლიტიკა
სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც უნდა მუშაობდეს დიპლომატიური კორპუსი - გიორგი გახარია

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე ზრუნვა ქართველი დიპლომატების მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა.

საქართველოს ხელისუფლება უმუშევრობას მთავარ გამოწვევად მიიჩნევს. დასაქმების პრობლემის გადასაწყვეტად სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება. ერთ-ერთი მიმართულებაა საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების ხელშეწყობა.

ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. ეს ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რაზეც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა აქტიურად უნდა იმუშაოს. უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, ასევე ქვეყნის შიგნით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტირირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი", – განაცხადა გახარიამ.

ამ განცხადებით გახარია „ელჩების კონფერენცია 2019"-ზე გამოვიდა, რომელიც თბილისში 17-20 დეკემბერს მიმდინარეობს.

შრომითი მიგრანტების, ასევე ქვეყანაში უმუშევრების რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონს აღწევს, განაცხადა უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მუშაობს ევროპის ქვეყნებთან შეთანხმებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იქ ლეგალურად მუშაობა შეძლონ და შეავსონ ევროპაში სამუშაო ძალის დეფიციტი. მისი თქმით, ეს სეზონური სამუშაო იქნება.