აქტუალური
რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებთან, რომ მათ აფხაზეთი როგორმე აღიარებინოს - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებთან, რომ გარკვეულ ქვეყნებს აფხაზეთი როგორმე აღიარებინოს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2019 - საქართველო - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის“ გრძელდება.

რა თქმა უნდა, ოკუპაცია ერთ- ერთი ძირითადი თემაა ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, არამედ ყველა ჩვენი კოლეგა სამინისტროსთვის. ეს ერთ-ერთი ძირითადი სასაუბრო თემაა ჩვენს პარტნიორებთან, კოლეგებთან. დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს სამი პანელი: ერთი ეძღვნება აფრიკულ ქვეყნებთან თანამშრომლობას, მეორე - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობას და მესამე დიდი პანელი იქნება აზიისა და წყნარი ოკეანეთის მიმართულებით ქვეყნებთან თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის დღის წესრიგში, პირველ რიგში, დგას არაღიარების საკითხი. იცით თქვენ, რომ რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებთან, რომ რამენაირად აღიარებინოს გარკვეულ ქვეყნებს აფხაზეთი, რამენაირად ჩაიყვანოს აფხაზური დელეგაციები ამ ქვეყნებში და უფრო მეტი კონტაქტები ჰქონდეს. შესაბამისად, ჩვენი სამუშაოც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ვმუშაობთ ამ ქვეყნებთან, ყველასთან, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოვახდინოთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ უფრო მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს. აფრიკის კონტინენტზე, რომელიც ამ მიმართულებით საფრთხეს წარმოადგენს, 2019 წლის განმავლობაში 5 ქვეყანასთან გვქონდა პოლიტიკური კონსულტაციები. ზუსტად ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ არაღიარების მიმართულებით პრევენცია გაგვეკეთებინა და გვესაუბრა ამ ქვეყნებთან რა თანამშრომლობა შეგვიძლია გაგვევითარებინა მათთან. ჩვენ დიდი ქვეყანა არ ვართ და არ შეგვიძლია გრანდიოზული პროექტების განხორციელება ამ ქვეყნებში, ერთადერთი, რაზეც ვხედავთ პოტენციალს არის ის, რომ ამ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ განვითარდნენ, გავუზიაროთ გამოცდილება და ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ უკვე გავატარეთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.