რელიგია
ჩვენ უნდა მოვემზადოთ მეორე მოსვლისთვის, რომლამდეც შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა - ილია მეორე

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის, ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია, რადგან არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორემ დავით წინასწარმეტყველის ხსენების დღეს მრევლს მისი სიტყვები შეახსენა და ადამიანისთვის სიმშვიდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

დღეს არის ხსენება სხვა წმინდანებთან ერთად წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის: „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი”. სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენ თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმ მეცნიერებისა, კულტურისა, თანამედროვე მიღწევებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი, ეს სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში, ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან“,- განაცხადა ილია მეორემ.

ილია მეორემ მეორედ მოსვლის შესახებაც იქადაგა.

მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ „ჟამი ახლოს არისო ამბობენო“, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები – მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი, ძალიან აქტუალურია. დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებდეს ყოველ ადამიანს, როგორც წინსვლა, ისე შეცდომები, მაგრამ დავით მეფე ხედავდა თავის შეცდომებს, დავით მეფე განიცდიდა, ამიტომ დასწერა მან შესანიშნავი წიგნი ფსალმუნების „დავითნი“. ჩვენ ძალიან გვიყვარს ფსალმუნები და მისი ავტორი დავითი. დავითმა დიდხანს არ იცოცხლა. 30 წლისა იყო, რომ გამეფდა და 40 წელი მეფობდა. იცოცხლა 70 წელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მოიხსენე უფალო დავითი და ყოველი სიმშვიდე მისი. დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი”,- განაცხადა ილია მეორემ.

სამების საკათედრო ტაძარში მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო მილოცვაც დაურიგდა.

ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილეში შინა და საავადმყოფოში მყოფნო, ქრისტე იშვა! გიხაროდეთ! მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ, მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს. გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს! ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან! ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი”,- ნათქვამია მილოცვაში.