საზოგადოება
ვერ ვხედავ მტკიცებულებას, რომ ირანი ოთხ ამერიკულ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა - აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მარკ ესპერის განცხადებით, ის ვერ ხედავს სადაზვერვო სამსახურების მხრიდან წარმოდგენილ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ირანი ოთხ ამერიკულ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც CBS-ის გადაცემა Face The Nation-თან ინტერვიუში მარკ ესპერმა აღნიშნა, ის ეთანხმება დონალდ ტრამპს იმაში, რომ აშშ-ის საელჩოების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელება მოსალოდნელი იყო, თუმცა, პრეზიდენტის სიტყვები ოთხ საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით „კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეფუძნებოდა.“

რაც პრეზიდენტმა განაცხადა, იყო ის, რომ, შესაძლოა, საელჩოების წინააღმდეგ დამატებითი თავდასხმები განხორციელებულიყო. მე ვიზიარებ ამ შეხედულებას, თუმცა პრეზიდენტს კონკრეტული მტიცებულება არ წარმოუდგენია. სადაზვერვო სამსახურების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას ოთხ საელჩოსთან დაკავშირებით ვერ ვხედავ“,- განაცხადა ესპერამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციამდე, ირანი ოთხ ამერიკულ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა.