აქტუალური
დავით ზალკალიანი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თემაზე გაკეთებული განცხადების გამო მევლუთ ჩავუშოღლუს მადლობას უხდის

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მევლუთ ჩავუშოღლუს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თემაზე გაკეთებული განცხადების გამო მადლობას უხდის.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა „ტვიტერის“ მიკრობლოგზე დაწერა.

მადლობას გიხდით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების უწყვეტ სწრაფვაში გამამხნევებელი მხარდაჭერისთვის. არსებული გამოწვევების ფონზე, თქვენი მხარდაჭერის მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა. ნატო-ში გაწევრიანების არჩეულ გზაზე მყარად ვდგავართ“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიებზე ისაუბრა. „საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატო-წევრი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ამასთან, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თემას, თუმცა გერმანია და საფრანგეთი ამ ნაბიჯის გადადგმას რუსეთის უკმაყოფილების შიშით ვერ ბედავენ.