პოლიტიკა
თბილისთან დიალოგი - როგორც კომპრომატი და ბრალდება

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. 22 იანვარს აფხაზეთში იწყება პრეზიდენტობის კანდიდატების დასახელება განმეორებითი არჩევნებისათვის, რომელიც 22 მარტისთვისაა დანიშნული. ამ არჩევნებს თამამად შეიძლება ეწოდოს „ნაჩქარევი“, რადგანაც სულ რაღაც ორი კვირის წინ საზოგადოებამ არ იცოდა, პრეზიდენტის არჩევა რომ მოუწევდა.

თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატების ოფიციალურ წამოყენებამდე გაჩაღდა მძაფრი პოლემიკა, რომელიც შიგადაშიგ განცხადებების ომსა და ინტერნეტშეხლა-შემოხლაში გადაიზრდება ხოლმე. პირველ რიგში, ყოველივე ეს დაკავშირებულია ინტერვიუებთან, რომლებიც პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებმა მისცეს ქართულ მედიას. საუბარია სერგეი შამბაზე, ალხას კვიცინიაზე, ახრა ავიძბაზე, თუმცა ყველაზე მეტი ხმაური გამოწვია, რა თქმა უნდა, აფხაზეთის პარლამენტის წევრ ასლან ბჟანიას ინტერვიუმ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“. ინტერვიუს მიცემამდე ბჟანიას საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, რომ აპირებს თავისი კანდიდატურის დაყენებას საპრეზიდენტო არჩევნებში.

სოხუმსა და თბილისს შორის უნდა წარმოებდეს დიალოგი. როგორ ფორმატში და რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში - თუ, საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა. ამიტომ ვამბობ, - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში“, - განაცხადა, სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, ბჟანიამ.

ასლან ბჟანიას ამ ინტერვიუს მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. ვეტერანთა ორგანიზაციამ „არუაა“ („მეომრები“), რომელსაც პარლამენტის წევრი ილია გუნია ხელმძღვანელობს, გაავრცელა განცხადება:

ომის ვეტერანებისათვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტობისათვის მებრძოლი პოლიტიკოსი მხარს უჭერს სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგს და აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ დაახლოებაზე!.. სამთავრობო შენობებზე კომპლექსური იერიშისა და პრეზიდენტის გადადგომის ფონზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთს ასწრებდნენ ქართული მედიისათვის ინტერვიუების მიცემას. რომელ სფეროებში და რა დაახლოებაზე შეიძლება იყოს საუბარი აფხაზეთსა და საქართველოს შორის, ვიდრე ხელი არ მოეწერება თავდაუსხმელობის შეთანხმებას და ვიდრე საქართველო უარს არ იტყვის ყველა პრეტენზიაზე და არ ცნობს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობას? ამგვარი სერიოზული შეთავაზების გასაკეთებლად უნდა გქონდეს შესაბამისი ნდობა და უფლებამოსილება საკუთარი ხალხისგან. როგორც ჩანს, ვიღაცას ეადვილება აფხაზეთისა და საქართველოს მეგობრობაზე საუბარი იმის გამო, რომ ვერ ხედავს ომისა და ომისშემდგომი პერიოდის მთელ სიმძიმეს“.

სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში უფრო მკვეთრი განცხადებებიც გაისმა. მათ შორის გაიჟღერა სიტყვამ „კოლაბორაციონიზმი“.

ბრალდებების პასუხად, ფონდმა „აპრამ“, რომლის პრეზიდენტი ასლან ბჟანიაა, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

„აშკარაა, რომ ხელისუფლება, რომელმაც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა მიიყვანა დაქცევის პირამდე, უიმედოდ ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას ისე, რომ ყველაფერს კადრულობს, მათ შორის ცილისწამებასაც. სად, რომელ წინადადებაში, რომელ სიტყვაში დალანდეთ ეროვნული ინტერესების დათმობის მინიშნება? აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა, რომლის დამოუკიდებლობა აღიარებულია რუსეთისა და მთელი რიგი სახელმწიფოების მიერ. აფხაზეთის სახელმწიფოს სტატუსი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი არავისთან და არსად. თუმცა შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ არსებობს საკითხები, რომელთა გადაჭრა შეუძლებელია საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე. კერძოდ, ყველამ შესანიშნავად იცის, რომ მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოში გარბიან და იქ იმალებიან. როგორ გადაიჭრება ეს საკითხი, თუკი აფხაზი სამართალდამცავები არ დაელაპარაკებიან ქართველ კოლეგებს? აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამფუძნებელს, მსოფლიო სახელის ისტორიკოს ვლადისლავ გრიგორის ძე არძინბას ესმოდა, რომ მოწინააღმდეგესთან საუბარი არ ნიშნავს ინტერესების ღალატს, უფრო პირიქით: დარწმუნებული იყო იმაში, რომ ომში გამარჯვება აუცილებლად უნდა გამყარდეს დიპლომატიური გამარჯვებით“.

უნდა ითქვას, რომ ახალი არაფერი ხდება. საქართველოსთან შემთანხმებლობაში პირდაპირი დადანაშაულება ყველაზე გავრცელებული და ხისტი ილეთია აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში. საქართველოში ასეთად მიიჩნევა რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ქართველ პოლიტიკოსთა შორის არიან ისეთები, რომლებიც არ მალავენ თავიანთ პრორუსულ ორიენტიაციას (იმედოვნებენ, რომ რუსეთი დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში), აფხაზეთში კი მსგავსი არაფერი ხდება. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია გავიხსენოთ მხილების მცდელობის არაერთი შემთხვევა, როცა აფხაზეთის მოქმედ ხელისუფლებას ბრალს სდებდნენ თბილისისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაში. ამასთან, ბრალმდებლის როლში გამოდიოდა როგორც ორივე ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ასევე ცალკეული მოქალაქეები. ასეთი სურათი გვაქვს 90-იანი წლების შუა ხანებიდან.

„ლაპარაკი იმაზე, რომ დიალოგი საჭირო არაა, სისულელეა. არ მესმის, როგორ უნდა თქვან ეს ჭკვიანმა ადამიანებმა“, - განაცხადა სკანდალის გაღვივების შემდეგ პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარემ, სერგეი შამბამ. მისი თქმით, ორივე მხარე აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადასხვა დონეზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დამთავრების დღიდან. შამბამ ნიმუშად მოიტანა მუქარისა და ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ვლადისლავ არძინბამ და ედუარდ შევარდნაძემ 1997 წელს.

ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და, რა თქმა უნდა, საჭიროა საერთო ენის გამონახვა“, - თქვა შამბამ.

სერგეი შამბას პოზიციას დიდწილად დაემთხვა პოლიტილოგ ლიანა კვარჩელიას მოსაზრებები, რომლებიც გამოითქვა „აბაზა-ტვ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში:

ვხედავ, როგორ ცდილობენ ადამიანები პოლიტიკაში გზის გაკვალვას ქართული თემით. 2004 წელს ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო, „ვინც ჩვენთან არ არის, ის ხალხის მტერია“ - ამ მოსაზრების ჩანერგვა საზოაგდოების გარკვეული წრეების მხრიდან. ასეთი მიდგომა დამღუპველია. ეს არის ის, რამაც გახლიჩა ჩვენი ხალხი. დღეს ამ თემის რეანიმირება იმისათვის, რომ იაფფასიანი ქულები ჩაიწერო, უსინდისობაა. რაც შეეხება იმას, რომ აფხაზეთში არ გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან შეერთებაზე ოცნებობენ, ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთები არ გყავს“.

გასაკვირი იქნებოდა, რომ ასლან ბჟანიას ინტერვიუ სათავისოდ არ გამოეყენებინათ მის ოპონენტებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული მედიისათვის მიცემულმა ინტერვიუმ შეაშფოთა საზოგადოების პოლიტიკურად ნეიტრალური ნაწილიც, რომელმაც იკითხა: რატომ მისცეს ინტვერუ მაინცდამაინც ქართულ მედიას და არა რუსულს?

თუმცა აქ გვმართებს დაფიქრება მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე. ვინც მედიის მუშაობის სპეციფიკას იცნობს, ადვილად წარმოიდგენს, თუ როგორ იყო საქმე სინამდვილეში: პირიქით, ქართული გამოცემები დააცხრნენ თავს „ახალ პირებს“, რომლებიც შეიძლება მოვიდნენ ხელისუფლებაში. ისიც ცხადია, რა საკითხები აინტერესებს ქართულ მედიას. ასევე გასაგებია ისიც, რომ თბილისში, როგორც წესი, აღფრთოვანებას იწვევს დიალოგზე საუბარი და გამოითქმის ფრთხილი ოპტიმიზმი იმაზე დაყრდნობით, რომ ეს არის გაერთიანების გზის დასაწყისი, სოხუმში კი ფიქრობენ, რომ იწყება პროცესი, რომელიც დასრულდება ყოფილი მეტროპოლიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით.

საინტერესო იყო სოციალური ქსელების რეაქციაც. ბევრი კომენტატორი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტოკოსებმა წინდაუხედაობა გამოიჩინეს „რას ნიშნავს, ომით ჩვენი დაბრუნება შეუძლებელია? გამოდის, რომ სხვა რომელიმე გზით შესაძლებელია?“, - იკითხა ერთ-ერთმა მოქალაქემ. სოციალური ქსელების მომხმარებლები ასევე დაინტერესდნენ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის გვარის წარმომავლობით: „აფხაზეთის ყველა პრეზიდენტი ატარებდა სუფთა აფხაზურ გვარს: არძინბა, ბაგაფში, ანქვაბი, ხაჯიმბა. ნუთუ დადგა ისეთი პრეზიდენტის არჩევის დრო, რომლის გვარი ბოლოვდება „ია“-თი? ყველა სავარუდო კანდიდატი ხომ ასეთი გვარის მატარებელია?!“

ცხადია, ამ მოქალაქეს ბევრმა შეუტია, რას ბოდავ, რა მნიშვნელობა აქვსო და ა.შ. მოკლედ, როგორც იტყვიან, დაიწყო კოლმეურნეობაში მორიგი დილა, არაფრით განსხვავებული წინა დღეებისგან.

ტექსტი შეიცავს ტერმინებსა და ტოპონიმიკას, რომლებიც გამოიყენება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

წყარო: რადიო თავისუფლება