სამართალი
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებულ საკრებულოს წევრებს 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს, საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატებს - თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

აღნიშნული ოდენობის გირაოს შუამდგომლობა სხდომაზე საქმის პროკურორმა დააყენა, რაც მოსამართლე დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა.

"აღმკვეთი ღონისძიება ჩვენ მიმართ არ უნდა დადგეს, რადგან ჩვენ თავს არავის ვესხმით, უბრალოდ თავს ვიცავთ”,- განაცხადა თარაშ შურღაიამ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის გაერთიანებული კომისიის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თბილისის საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.