საზოგადოება
საქართველოს პრემიერის პრესსამსახურში სიცრუეს უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს მიუნხენში გიორგი გახარია სერგეი ლავროვს შეხვდება

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიუნხენში სერგეი ლავროვს შეხვდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ გუშინ განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც გიორგი გახარიაც იმყოფება, არის სერგეი ლავროვიც. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, თუ სერგეი ლავროვი ევროპის საბჭოს მინისტერიალზე თბილისში ჩამოვა, გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. „ლავროვი ითხოვს, უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოში ჩამოსასვლელად და არ გამოვრიცხავ, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები გახარიასგან ლავროვმა მიიღოს“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

როგორც საქართველოს პირველ არხს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიემგზავრება, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრა არ იგეგმება.