საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა ცნებების - "მშობელი №1" და "მშობელი №2" შემოღებაზე "მამის" და "დედის" ნაცვლად. რუსეთისა და საქართველოსთვის ეს როგორც რწმენის, ასევე ღირსების საკითხია. ამაში დარწმუნებულია ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.
”საკითხი, რომ „ნომერ პირველი მშობელი”და ” ნომერი ორი მშობელი”არ უნდა იყოს არც რუსეთში და არც საქართველოში და არცერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ჩემი აზრით, არ მოითხოვს დამატებით კომენტარებსა და ინტერპრეტაციას, რადგან სახელმწიფო რელიგიას როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში მართლმადიდებლობა წარმოადგენს, ხოლო მართლმადიდებლობა კრძალავს ერთსქესიან ქორწინებას. დარწმუნებული ვარ, რომ სანამ პუტინი პრეზიდენტია, და ასევე რუსეთში ნებისმიერი პრეზიდენტის მმართველობის დროს, 10, 20, 30 ან 100 წლის შემდეგაც ეს არასდროს მოხდება!
რაც შეეხება საქართველოს, რა "ევროატლანტიკური ინტეგრაციაც" არ უნდა იდგეს დღის წესრიგში, როგორი უალტერნატივოც არ უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის "ვექტორი", ცვლილებების შეტანა დასავლეთისგან ტაშის დასამსახურებლად, ძალზე დაბალი დონე და ამაზრზენია. იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს კურსი, როგორც კონსტიტუციაშია ჩაწერილი, უალტერნატივოდ ევროატლანტიკურია (ეს არის ნატოსა და ევროკავშირისკენ მისწრაფება), იმავე კონსტიტუციაში ღარიბაშვილის პრემიერობისას გაკეთდა ჩანაწერი, რომ ოჯახი და ქორწინება ეს არის კაცისა და ქალის კავშირი. ანუ, ჰეტეროსექსუალური ქორწინება და არანაირი კითხვათსხვაობა აქ არ შეიძლება იყოს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებაზე, ჩემი ზუსტი ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან განსაკუთრებით დაახლოებული პირები, ძლიერ ზეწოლას ახორციელებენ და მიანიშნებენ, რომ ადრე თუ გვიან, ამასთან შეგუება და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოგვიწევს...
მაგრამ სანამ ცოცხალი არიან ნამდვილი ქართველები, სანამ საქართველოში არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია, სრულიად გამორიცხულია, რომ საქართველოში მსგავსი ცვლილებები განხორციელდეს! ეს არის ერთ-ერთი იმ მომენტებიდან, რაც საქართველოსა და რუსეთს ერთმანეთს აახლოებს, სწორედ ასეთ მომენტებს უნდა დავეყრდნოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენისას, და არა იმ საკითხების წამოჭრას, რომლებიც გვაშორებს და სადაც ე.წ. წითელი ხაზები გადის”, - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა SPUTNIK–თან ინტერვიუში.