პოლიტიკა
საქართველო შესაძლებლობების ქვეყანაა და არა გადატრიალებების! - გახარია კომენტარს უკეთებს ექსპრემიერ მერაბიშვილის განცხადებას, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას დამხობას ჰპირდება

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ, არც ახლა გამოუვათ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ამ კომენტარით გახარია დამხობასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

გახარიას თქმით, ხელისუფლების მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა – გადატრიალებების, დამხობების.

საერთოდ არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ, რომ ეს ქვეყანა იყოს არა გამოწვევების და დამხობების ქვეყანა, არამედ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ქვეყანა. დღეს, თავისუფლების პირველ წუთებზე, ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო, სიტყვა-სიტყვით, დავასრულებ ან შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა, დავამხობო. მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ მომავლისკენ. დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ, არც ახლა გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დილით დატოვა.

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.