უცხოეთი
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეჭვობს, რომ რუსეთი სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ მიზანმიმართულად დეზინფორმაციას ავრცელებს

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეჭვობს, რომ რუსეთი სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“, სახელმწიფო დეპარტამენტში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უწყებაში მიაჩნიათ, რომ სოციალურ ქსელებში რუსეთთან დაკავშირებული მრავალი ანგარიში არსებობს, რომლებიც კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში ვარაუდობენ, აღნიშნული კამპანიის მიზანია, სოციალური ქსელების მომხმარებლები დაარწმუნონ, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემიის უკან აშშ დგას, ამით კი ზიანი მიაყენონ ვაშინგტონის იმიჯს.

აღნიშნულ ფაქტს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა და ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთზე მიაქვს ეჭვი, „განზრახ შემოგდებულად“ შეაფასა.

1tv.ge