აქტუალური
ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება - გიორგი გახარია

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში,იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

გახარიას თქმით, დღეს პატივს მიაგებენ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად შესწირეს თავიანთი სიცოცხლე ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მივესალმები დაღუპული იუნკერების ოჯახების წარმომადგენლებს. ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ, მათთვის ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, მივესალმები ქალბატონ პრეზიდენტს, ბატონ თავმჯდომარეს, მოგესალმებით, ბატონო მინისტრო. რთულია, რამე დაამატო იმას, რაც აქ უკვე ითქვა, თუმცა ჩვენ დღეს, 99 წლის შემდეგ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას შესწირეს თავიანთი სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, რომ 25 თებერვალს წითელმა არმიამ შეძლო საქართველოს საბოლოო ოკუპირება, ეს ბრძოლა არ გაჩერებულა არც ერთი წამი. როდესაც ახალგაზრდა იუნკერების ხსოვნაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ამის შემდგომ ყველა წელს, 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ყველა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც შეეწირა იმ ბრძოლას, იუნკერებმა რომ ჩაუყარეს საფუძველი. ასეთი ძალიან ბევრი იყო. 1991 წელს აღვადგინეთ ის ნანატრი დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წელს დაიწყო და ეს არიან ახალგაზრდები, რომლებმაც შეძლეს, ხიდი აგვეშენებინა იმ სასურველ, სანუკვარ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსთან, რომელიც 1918 წელს დაიწყო და რომელიც, სამწუხაროდ, ამდენი შეწირული სიცოცხლის მიუხედავად, ძალზე ხანმოკლე იყო. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. ჩვენ დღეს გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, მაგრამ ყველაზე მეტი უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. ეს არის ის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა წინ მედგრად უნდა აღუდგეს. ჩვენი დამოუკიდებლობა დაიწყო 1918 წელს, რომელიც, მიუხედავად ბევრი შეწირული ახალგაზრდა სიცოცხლისა, შეწყდა 1921 წელს და შემდგომ გაგრძელდა. ეს ის თაობათა შორის კავშირია, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ მათი ხსოვნის წინაშე და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რას შესწირეს სიცოცხლე ამ ახალგაზრდებმა და როგორი უნდა იყოს მათდამი პატივისცემა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, ასევე დაესწრო დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც პარლამენტში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში ჩატარდა.