აქტუალური
კორონავირუსთან დაკავშირებით წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქართველოში შემომსვლელ ყველა ადამიანს ამოწმებენ

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანის წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქართველოში შემომსვლელ ყველა ადამიანს ამოწმებენ.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ სიცხეს უზომავენ და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ საზღვრის გადმოკვეთის უფლებას.

როგორც პირველ არხს აზერბაიჯანიდან წამოსულმა ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, შემოწმების შემდეგ ირანის ორ მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს.

მე შემოწმება გავიარე, რადგან ყველაფერი წესრიგში მქონდა, გამომიშვეს. ჩემთან ერთად საზღვარზე კიდევ ირანის სამი მოქალაქე იყო. ვიდრე კონტროლს გავივლიდი ორი უკან გააბრუნეს. არ ვიცი, რა მიზეზი უთხრეს, არ მესმოდა. დავინახე, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება არ მისცეს“,- აცხადებს დილმან უსეინოვი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა გუშინწინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.