უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროკავშირმა და მსოფლიომ, სამწუხაროდ, ვერ გაიგო თურქეთში არსებული ვითარება, რომელიც ოთხ მილიონზე მეტ მიგრანტს მასპინძლობს

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირმა და მსოფლიომ, სამწუხაროდ, ვერ გაიგო თურქეთში არსებული ვითარება, რომელიც ოთხ მილიონზე მეტ მიგრანტს მასპინძლობს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ევროკავშირმა სრულად არ დააკმაყოფილა თურქეთ-ევროკავშირის ხელშეკრულების მოთხოვნები, პასუხისმგებლობის გაზიარების მოლოდინები კი კვლავ უპასუხოდ რჩება.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთს არ სჭირდება ევროკავშირის ერთი მილიარდი ევრო, რადგან ქვეყანამ მიგრანტებისა და ლტოლვილების უზრუნველყოფისთვის 40 მილიარდი დოლარი დახარჯა და აღნიშნული თანხის გამომუშავების გზებსაც თავად გამოძებნის.

თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე არსებული ვითარების განხილვისას, ასევე კარგად დააკვირდნენ, თუ რას აკეთებს საბერძნეთის სანაპირო დაცვა ეგეოსის ზღვაში.

ერდოღანმა საბერძნეთის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ათენი საერთაშორისო მიგრაციულ სამართალს პატივს არ სცემს, რადგან საბერძნეთის უსაფრთხოების ძალებმა ორი ადამიანი მოკლეს.

სირიის იდლიბის რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო, ლტოლვილების ნაკადები თურქეთისკენ მიდის. ანკარამ მიგრანტებსა და ლტოლვილებს ევროპისკენ გზა გაუხსნა. თურქეთ-საბერძნეთის სასაზღვრო ზონაში მიგრანტების წინააღმდეგ საბერძნეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

1tv.ge