უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები უცხოეთიდან ვრცელდება

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები უცხოეთიდან ვრცელდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვლადიმერ პუტინის თქმით, ინფორმაცია რუსეთში პანიკის გამოსაწვევად გავრცელდა.

ვლადიმერ პუტინმა მთავრობას მოუწოდა, დაარწმუნონ მოქალაქეები და მიაწოდონ მათ ზუსტი ინფორმაცია რუსეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ამ პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელებას, როგორც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იუწყება, ეს ორგანიზებულია რუსეთის საზღვრებს გარეთ და სამწუხაროდ, ეს ჩვენ სულ თან გვდევს. მიზანი გასაგებია, მოსახლეობაში პანიკის დათესვა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ტელეკომპანია „დოჟდი“ საინფორმაციო სააგენტო „ინტერაფაქსზე“ დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მარტის დასაწყისში კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე რუსულმა კომპანია „გრუპ აიბიმ“ განაცხადა, რომ დააფიქსირა ინფორმაციის გავრცელება, თითქოს რუსეთის მთავრობა მოსკოვში კორონავირუსის მასობრივ გავრცელებას მალავდა. კომპანიის მონაცემებით, რუსულ სოციალურ ქსელში „ვკონტაქტე“ ბოტების მხრიდან გავრცელდა 9,5 ათასი პოსტი ამის შესახებ და ეს პოსტები დაიგზავნა სკოლების, საბავშვო ბაღებისა და დედების ფორუმებზე.

1tv.ge