აქტუალური
შარშან ოქტომბერში რუსეთმა განახორციელა თავხედური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას - არჩილ თალაკვაძე

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. არჩევნებთან დაკავშირებით მზაკვრული მოქმედებისთვის რუსეთს ფართო შესაძლებლობები აქვს, მათ შორის ჩვენი დემოკრატიული პროცესების წარმართვის გზით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გამოცემა Morning Consult-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გამოეხმაურა.

წერილში პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა, რომელიც მიმართული იყო ონლაინ მომსახურების პროვაიდერების წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა სახელისუფლო და კერძო ვებგვერდების, მედიასაშუალებებისა და მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის შეფერხებას.

შარშან ოქტომბერში რუსეთმა განახორციელა თავხედური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს დახმარებით საქართველომ ახლახან დადო დასკვნა, რომ ამ შეტევის უკან იდგა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველო, იგივე გრუ - უწყება, რომელსაც ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა 2015-2017 წლებში უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური ზიანის მომტანი კიბერშეტევის განხორციელებაზე. სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაგმო ხსენებული თავდასხმა და განაცხადა, რომ „ეს მიუთითებს რუსეთის გრუ-ს სისტემატური კიბეროპერაციების სქემის უწყვეტ ხასიათზე“. ჩემს ქვეყანაზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა, რომელიც მიმართული იყო ონლაინ მომსახურების პროვაიდერების წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა სახელისუფლო და კერძო ვებგვერდების, მედიასაშუალებებისა და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის შეფერხებას. ეს შეტევა წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნაცნობი სქემის გაგრძელებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.