პოლიტიკა
აფხაზებსა და ოსებს უნდა დავანახოთ მომავლის პერსპექტივა, რომელიც მათ გზას გაუხსნის ევროპისკენ - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, საქართველოს აქვს ჯერაც გამოუყენებელი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ ევროკავშირსა და ნატო-ში წვლილი უნდა შეიტანოს არა მხოლოდ არსებულ პროგრამებში მონაწილეობით, არამედ ინიციატივებისა და ახალი იდეების წარდგენით.

თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, საქართველოს აქვს ჯერაც გამოუყენებელი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე. ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი არა მხოლოდ არსებულ პროგრამებში მონაწილეობით, არამედ ჩვენი ინიციატივებისა და ახალი იდეების წარდგენით. კიბერუსაფრთხოება, უსაფრთხო შავი ზღვა და მისი ცენტრალურ საკომუნიკაციო არეალად გადაქცევა – ასეთი საკითხებია. გაწევრიანებასთან ერთად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, დღეს ნატო-სა და ევროკავშირში უფრო აქტიურ მოთამაშედ ვიქცეთ. თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, გამოწვევებთან გამკლავებასაც შევძლებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ამ ნაბიჯების მიღმა უნდა მოვემზადოთ უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის. აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად აღარ ჩანს, პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში; პერსპექტივა, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ ანუ კეთილდღეობისკენ. გზას საკუთარი ენისა და კულტურის გადარჩენისკენ, თვითმყოფადობის გამყარებისკენ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.