საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

aeroportiროგორც ცნობილია, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი რეფერენდუმის 20 წლისთავი და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 72-ე წლისთავი აღინიშნება.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ გამოდის ინიციატივით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭოს.

„სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქში, სადაც უკვე არის პრეზიდენტების – კაჩინსკის, ალიევისა და ბუშის ქუჩები, ზვიად გამსახურდიას სახელს არცერთი ქუჩა არ ატარებს (რაც შეეხება სანაპიროს, რომლის ნაწილსაც უკვე დაერქვა ალიევის სახელი, პრაქტიკულად, მკვდარი მონაკვეთია, სადაც არცერთ ობიექტზე არ არის განთავსებული შესაბამისი აბრა). ჯერ კიდევ არ დასრულებულა გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის – კოლხური კოშკის აღდგენითი სამუშაოები, რომლებიც წლებია, „მიმდინარეობს“. მივმართავთ ინიციატივით თბილისის საკრებულოს, ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და საბურთალოს ქუჩას მისი სახელი ეწოდოს. გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს შესაბამისი კომისიის სხდომაზე მოსმენილ იქნეს ინფორმაცია კოლხური კოშკის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ“, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველო“ იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ინიციატივას თბილისის საკრებულოს ყველა ფრაქცია შეუერთდება.