პოლიტიკა
პრემიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავალებს, უზრუნველყოს, რომ 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდეს

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისცა, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესთან კონსულტაციები დაევალა.

პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა მოქალაქეებზე არ იყო ასახული. შესაბამისად, სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მოსახლეობაზე მაქსიმალურად ნაკლებად ცვალებადი ფაქსები იყოს ამ პროდუქტებთან“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ის სასურსათო პროდუქტები დაასახელა, რომლებზეც ფასი არ გაიზრდება.

მინისტრის თქმით, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, რძის ფხვნილი და რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტები.

ჩვენ გვექნება განსაკუთრებული მექანიზმი, რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე იმპორტიორებისთვის დავაზღვიოთ ეკონომიკური და სავალუტო რისკები", -აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, პრიდუქტებზე ფასების უცვლელად შენარჩუნების მექანიზმთან დაკავშირებით ბიზნესთან იქნება შეხვედრა, რათა ეს მათთვისაც მისაღები იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის ინტერესებთან ერთად ბიზნესის ინტერესები იყოს დაცული. გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური ბიზნესი გვჭირდება. შევაჯერებთ პირობებს. ესაა ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობს კურსის ფლუქტუაციების დაზღვევას, მაგრამ იმ პირობებით, რომ ფასების სტაბილურობას შეინარჩუნებს ბიზნესი. დღის განმავლობაში გვაქვს სამუშაო შეხვედრები, რომ ბიზნესს დეტალები გავაცნოთ. შეჯერებული პოზიციის შემდეგ, ამას მთავრობა დაამტკიცებს. ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფო მაქსიმალურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს, ისეთს, რომელიც არცერთ ქვეყანას არ გადაუდგამს, -აღნიშნა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.