უცხოეთი
პუტინმა 30 აპრილამდე გააგრძელა არასამუშაო დღეების პერიოდი (ვიდეო)

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში არასამუშაო დღეების რეჟიმი 30 აპრილამდე გააგრძელა (ვიდეო იხ. აქ).

მან განაცხადა, რომ თანამშრომლებს უნდა შეუნარჩუნდეთ ხელფასები იმ პერიოდში, როცა ისინი არ იმუშავებენ.

პუტინმა დამატებითი უფლებამოსილებები მიანიჭა ფედერაციის სუბიექტთა ხელმძღვანელებს, რათა თავად დაადგინონ კონკრეტულად მათი რეგიონისთვის ოპტიმალური პროფილაქტიკური ზომები.

რუსეთში რეგიონების უმრავლესობამ დამოუკიდებლად მიიღო საკარანტინო ზომები. ფედერალური საგანგებო ვითარება არ შემოღებულა. გამოცემა „მედუზის“ წყაროების თანახმად, ეს იმის გამო კეთდება, რომ პუტინს არ სურს ასოცირებული იყოს არაპოპულარულ ზომებთან.

ეს ამ ფორმატში პუტინის მე-13 გამოსვლაა 2000 წლის შემდეგ. უკანასკნელი მისი გამოსვლა 25 მარტს შედგა. მაშინ მან 30 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდი უქმეებად გამოაცხადა, ილაპარაკა ზოგიერთი გადასახადის გაზრდაზე და მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად.

უკანასკნელ დღე-ღამეში რუსეთში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 771 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 3548, ყველაზე მეტი მოსკოვში - 2475. გარდაცვლილთა რიცხვმა 30-ს მიაღწია.

radiotavisupleba.ge