აქტუალური
გიორგი გახარია - ჩვენ შევქმენით ვირუსთან ბრძოლის პირველი ცხელი ხაზი, ადამიანი ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან აკრებს 112-ს და მას პროფესიონალი ექიმები გაუწევენ პირველად დახმარებას

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ადამიანი ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან აკრებს 112-ს და მიიღებს პროფესიონალი ექიმების კონსულტაციას, რომლებიც მას გაუწევენ პირველად დახმარებას და მისი სიმპტომებიდან გამომდინარე ეტყვიან, როგორ უნდა იმოქმედოს, დარჩეს სახლში, მიმართოს სპეციალურ სტაციონარს, თუ რა უნდა გააკეთოს. ოჯახის ან სოფლის ექიმი მივა მასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა, თუ რა არის საქართველოს რესურსი და ტაქტიკა ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ჩვენ შევქმენით პირველი ცხელი ხაზი ვირუსთან ბრძოლის. ეს იქნება სატელეფონო ხაზი, რომელიც მოემსახურება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ექნება ცხელება, ან რაიმე რისკის ფაქტორი. ეს იქნება პირველადი კონსულტაცია. ეს არის ვირუსთან ბრძოლის პირველი ხაზი, რომელიც ახლა უკვე იტესტება, უახლოეს დღეებში გამოცხადდება და გაეშვება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ყველა რეგიონში, შექმნილი იქნება სპეციალური ცხელების კლინიკა, რომელიც მიიღებს პირველ დარტყმას და რომელსაც ექნება ფუნქცია, გადაანაწილოს პაციენტები, რომლებიც ექვემდებარებიან შემდგომ სტაციონარულ მკურნალობას.

ეს არის უკვე მეორე, ვირუსთან ბრძოლის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხაზი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფუნქციონირებდეს ყველას რეგიონში. დღეს ეს პროცესი დაწყებულია, უახლოეს დღეებში დამთავრდება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შევქმენით სპეციალური რეგიონალურ -კლასტერული მართვის სქემა. ეს გახლავთ უწყებათაშორისი საბჭოს დონეზე, უწყებათაშორისი საბჭოს შტაბი რომელიც ჩაშლილია რეგიონების დონეზე. ეს არის რეგიონალური მართვის ეფექტური მექანიზმი, რომელიც შემდგომ უერთდება ჰოსპიტალურ და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი ხაზის ნაწილში, როდესაც ადამიანი დარეკვას 112-ზე და მიიღებს კვალიფიციურ ექიმის კონსულტაციას, ეს იქნება ოჯახის ექიმი, ან სოფლის ექიმი მისივე რეგიონიდან, რომელსაც ზუსტად ეცოდინება, კონსულტაციის შემდგომ რა რეკომენდაცია უნდა გაუწიოს- უნდა დატოვოს სახლში, რომ შემდგომ მასთან მივიდნენ და შემდგომი მართვა მოახდინონ პაციენტის, თუ უნდა გააგზავნოს სტაციონარში, სადაც ასევე მოხდება მისი გადამოწმება. იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ჩვეულებრივი ნიშნები, გაციება, გრიპი, პნევმონია, ან თუ ეს არის კოვიდ-19, მაშინ ხდება შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს არის ის სქემა, რომლითაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ შიდა გავრცელებას.

ჩვენ აქამდე რასაც ვაკეთებდით, ვამცირებდით მობილობას, ამას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა. ყველანაირად ვაკონტროლებდით იმპორტირებულ შემოტანას ვირუსის, რაშიც ასევე, საკმაოდ ეფექტურად ვმოქმედებდით, მაგრამ შიდა გავრცელების კონტექსტში, უკვე საზღვრების კონტროლი აუცილებელი, მაგრამ პრიორიტეტი ნომერი ორი ხდება და ნომერი პირველი ხდება ჩვენი შიდა ჰოსპიტალური სისტემის მზაობა, ხარისხი, თუ როგორ ვმართავთ იმ პაციენტებს, რომლებისთვისაც ჰოსპიტალიზირება არ არის აუცილებელი. ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, როდესაც ადამიანი, მისი სიმპტომებიდან გამომდინარე მართვადია სახლის პირობებში, მაგრამ ეს ადამიანები მიდიან სტაციონარში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, კოვიდ-19-ის 80 პროცენტი მიმდინარეობს მსუბუქად. შესაბამისად, ეს ის 80 პროცენტია, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემამ, 112-თან ერთად ტელეფონით უნდა მართოს და ყველა სახის მომსახურება სახლის პირობებში უნდა მიაწოდოს. 20 პროცენტი არის ის რაოდენობა, რომელსაც სჭირდება სტაციონალური მკურნალობა და აქედან, გარკვეული პროცენტი არის გართულება. ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც დადასტურებულია ფაქტობრივად და რომელსაც ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის დროს საკუთარ ტაქტიკას ირჩევს.

სამწუხაროდ დღეს ესეთი მდგომარეობაა, რომ ყველა სახელმწიფო და ყველა ქვეყანა ირჩევს, თავის ტაქტიკას, რომელიც ნაწილობრივ ექსპერიმენტია, მაგრამ ეს ექსპერიმენტიც ეფუძნება შიდა რესურსებს, შიდა სამეცნიერო, შიდა მედიცინის წარმომადგენლების რესურსებს და ა.შ. ყველასთვის ნათელია და ყველას გვახსოვს, სამყარო გლობალურია. თავიდან, ჩვენ ვუყურებთ, რომ ბევრი სისტემური სახელმწიფო, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა ერთი პოლიტიკა ვირუსთან ბრძოლაში, დღეს აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. ეს ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანა თავისი რესურსებიდან გამომდინარე იღებს იმ გადაწყვეტილებებს, ირჩევს იმ ტაქტიკას, რომელიც ყველაზე ეფექტურია მისთვის.

ჩვენ დღეს გვყავს 117 ინფიცირებული. ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ შიდა გადაცემის პროცესი დაიწყო. ამიტომ მივიღეთ ის ზომები, რაც მივიღეთ და ვამბობთ, რომ ქვეყანაში არის კარანტინი გარკვეული პირობებით და საღამოს 9 საათიდან, დილის 6 საათამდე საგანგებო მდგომარეობაა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.