სამართალი
გიორგი გახარია - მიმდინარე ხარჯებში სახელმწიფო წლის ბოლომდე მოახდენს რამდენიმე ასეული მილიონის ეკონომიას, გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმისთვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ყველაფერს ავაშენებთ, მაგრამ დღეს ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, სამუშაო ადგილზე და მის კონკრეტულ შემოსავალზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტში გაკეთდა სერიოზული ეკონომია და მიმდინარე ხარჯების გარდა შეიზღუდა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი და საბიუჯეტო ხარჯები.

სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო წლის დასაწყისში, დაახლოებით 14 მილიარდი ლარის დონეზე, შემოსავლების ნაწილს ვგულისხმობ, დასულია დაახლოებით 11 მილიარდზე. ამასთან ერთად, ჩვენ ვალდებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ სოციალურ ჯგუფებს და ამასთან ერთად, ვალდებულები ვართ, ვებრძოლოთ კონკრეტულ ვირუსს, COVID-19-ს და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, ესეც სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ბიუჯეტში სერიოზული ეკონომია გვაქვს გაკეთებული. მიმდინარე ხარჯების გარდა, რამდენიმე ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი და საბიუჯეტო ხარჯები, რომლებიც სამწუხაროდ, ამ წლის ბოლომდე აზრს დაკარგავს. ისეთები, როგორიც არის მაგალითად „ჩექინ ჯორჯია“, რომელიც ორიენტირებული იყო ტურიზმის განვითარებაზე. რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, სისტემურების გარდა, რომლებიც ძირითადად ტურიზმის მოზიდვის ხასიათს ატარებდა. როგორც თბილისში, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამის გადახედვა მოგვიწევს. ეკონომიკის სამინისტროსაც სერიოზული გეგმები ჰქონდა, სხვადასხვა ოლიმპიადები, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დღეს ჩვენ სხვა ამოცანები გვაქვს, დღეს ჩვენ სხვა ბრძოლაში ვართ. რა თქმა უნდა, ამის დროც მოვა, ამას ყველაფერს ავაშენებთ, მაგრამ დღეს ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, სამუშაო ადგილზე და მის კონკრეტულ შემოსავალზე. ჩვენ შეიძლება კომუნალური გადასახადი ადამიანს დავუსუბსიდიროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ამით ნორმალურ პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას. არა, გამოწვევები რთულია. ქართული ეკონომიკა მიიღებს მძიმე დარტყმას, ისევე, როგორც ბევრი ქვეყნის ეკონომიკა. ამიტომ, სიმართლე უნდა ვთქვათ, ჩვენ კომუნიკაციაში არაფერი უნდა დავმალოთ. ეს არის ჩვენს მოქალაქეებთან საუბრის ერთადერთი საშუალება - ვიყოთ სამართლიანები და ვიყოთ მაქსიმალურად რაციონალურები, იმისთვის, რომ ერთად დავამარცხოთ ეს გამოწვევა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გამოიყო ორი მილიარდი ლარი, რომელიც განსაზღვრულია კრიზისში კონკრეტული კომპანიების დასახმარებლად.

ეს არის დახმარება, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ, სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. ეს არ არის პოსტ კრიზისული გეგმა ეკონომიკის შემდგომი სწრაფი ზრდის, იქ სხვა ინსტრუმენტები იმუშავებს. ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად გადავარჩინოთ ქართული კომპანიები და მაქსიმალურად გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები. ეს ყველაფერი კეთდება ამისთვის.

საიდან შეიქმნა ეს თანხა - პირველ რიგში, ეს არის ის ეკონომიები, რომელიც აბსოლუტურად გასაგები და ობიექტურია. მე არ ვსაუბრობ მიმდინარე ხარჯებზე, რომლის კონტროლიც უმკაცრეს რეჟიმშია გადასული და მიმდინარე ხარჯებში სახელმწიფო წლის ბოლომდე მოახდენს რამდენიმე ასეული მილიონის ეკონომიას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალზედ მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმისთვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები და აქაც საკმაოდ ეფექტურად ვმოქმედებთ. უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.