პოლიტიკა
ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, ამიტომ მთავარი ამოცანაა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვა - გიორგი გახარია

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პირველადი ჯანდაცვა მზად იყოს – მართოს მსუბუქი შემთხვევები სახლში, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

გახარიას განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. ცხელების კლინიკების მზადყოფნა.

არის ახალი 18 შემთხვევა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა და უკვე ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მიუახლოვდა 200-ს, არის 188. საბედნიეროდ, აქედან გვყავს გამოჯანმრთელებული 36 პაციენტი. თუმცა, ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება. მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა [გვქონდეს] პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობა“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ამ დღეებში ამოქმედდა ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის სამსახური. „112“-ზე დარეკვით შესაძლებელია არა მხოლოდ რჩევის მიღება, არამედ ასევე ექიმთან ან სტაციონარში ვიზიტის დაგეგმვა. პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში უვითარდებათ, სახლში იმკურნალებენ ექიმების დისტანციური ზედამხედველობით.