უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი - ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უკრაინის რადაში ხმების საკმარისი რაოდენობა იქნება

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის უმაღლესი რადა მას ვიცე-პრემიერად დაამტკიცებს. მან ამის შესახებ უკრაინულ არხ „უკრაინა 24“-თან საუბრის დროს განაცხადა.

„ვთვლი, რომ ხმების საკმარისი რაოდენობა იქნება. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. უბრალოდ არ იყო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ მობილიზაცია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მან თავის დროზე „ხალხის მსახურის“ პარტიას დაუჭირა მხარი.

„არჩევნებზე, როცა ვნახე, რომ ჩემი პარტია 2-3 პროცენტს აგროვებდა ამომრჩევლების ხმებს და ვერ შევდიოდით პარლამენტში, მე ჩემს მხარდამჭერებს მოვუწოდე, ბევრ ათას უკრაინელს, რომ ხმა „ხალხის მსახურისთვის“ მიეცათ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი უკრაინის „ვერხოვნა რადას" სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

interpressnews.ge