აქტუალური
საქართველოში რეგისტრირებული 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შესაბამისად, ყველა არ იფუნქციონირებს - ლევან დავითაშვილი

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვას და მეორეს მხრივ ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას.

ეს არის პირობები, რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს. ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა. ეს მოთხოვნები ეხება როგორც მიკვლევადობას მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარულ მდგომარეობას, სადეზინფექციო სამუშაოების სწორად შესრულებას, თერმოსკრინინგს და იმ მოთხოვნებს, რომელიც გაწერილია საგანგებო ვითარების პირობებში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვემო-ქართლის რეგიონში მომხდარ უთანხმოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოხდა დაკავშირება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის და სპეციალური ფორმატის მოწყობა საბითუმო ბაზრის სახით მარნეულის მუნიციპალიტეტში.