აქტუალური
სტრატეგიულად დავგეგმავთ ექიმების გადანაწილებას და იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, დეფიციტი არ შეიქმნება - ეკატერინე ტიკარაძე

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, დეფიციტი არ შეიქმნება.

როგორც ტიკარაძემ გუშინდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეტაპზე ექიმების დეფიტი არ არის, რადგან არსებობს რესურსი, რომ სტრატეგიულად დაგეგმონ ექიმების გადანაწილება.

ამასთან, ტიკარაძე აღნიშნავს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ექიმების ინფიცირება სამუშაო ადგილზე არ მომხდარა.

რაც შეეხება ექიმების დაინფიცირებას, მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე, ეს არის აღსანიშნავი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ექიმებს უტარდებათ დღეს ისეთი ტრენინგები, რომლებიც არის პირადი დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან მიმართებაში. ასევე დეტალურად ვიკვლევთ იმ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება. საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმების დეფიციტი დგას, ამ ეტაპზე არ ვადასტურებ, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება და შესაბამისად, ეს დეფიციტი იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, არ შეიქმნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა იმ რისკ ჯგუფების ტესტირების საკითხზეც, რომელიც განახლებულ ალგორითმში გაეწერა.

თავდაცვის ძალების ტესტირება უკვე დაწყებულია, სამღვდელოებაში ჩვენ ვატარებთ მიზნობრივ ტესტირებას, იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება დგას. ჟურნალისტებთან მიმართებაშიც გარკვეული კლასტერის დაფიქსირების შემთხვევაში, იქნება დეტალურად გამოკვლეული ის ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ კვლევას და ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, შეფერხებები არ იქნება. ჩვენი მზაობა ამ საკითხზეც არის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, გამოკვლეული იქნა ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა სიმპტომი და წარმოადგენდა საეჭვო კონტაქტს.

ეს არის აბსოლუტურად სწორი ტაქტიკა. როცა ჩვენ ჩვენს უცხოურ კოლეგებთან კონსულტაციებს გავდივართ, მათი მიდგომაც სწორედ ისეთია, როგორიც აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა გაგრძელდება ისეთი, როგორიც არის, რადგან ეს არის ერთ-ერთი და ერთადერთი ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ჩვენი მხრიდან ხორციელდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ტესტების მარაგების რაოდენობა მუდმივად ცვლადია და ქვეყანაში ტესტები შეფერხების გარეშე შემოდის.

ჩვენი მომარაგება მუდმივ რეჟიმში მუშაობს, ეტაპობრივად შემოგვდის ტესტები -10-20-40 ათასი. რიცხვები, რომლებიც დღემდე იყო დაანონსებული, ყველანაირი შეფერხების გარეშე ქვეყანაში შემოდის და აქედან გამომდინარე მიზნები, რაც გააჩნია სახელმწიფოს მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, აუცილებლად იქნება უსაფრთხოდ დაცული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.