რელიგია
ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, ხალხს უჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, მადლი და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ მოერევა მას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

პატრიარქმა მრევლს მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღე მიულოცა.

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს არის მენელსაცხებლე დედების ხსენება. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, რა გააკეთეს მენელთსაცხებელმა დედებმა, რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს.

იმ დროს, როცა მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი, მენელსაცხებელი დედები ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ ტკივილს მაცხოვრისას. მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს სიმძიმე ეკლესიისა, ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვმადლობთ და თაყვანსა ვცემთ მათ ღვაწლსა.

შემთხვევით არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფე მიაკუთვნეს მენელსაცხებელ დედებს და გაუთანასწორეს მისი, თამარ მეფის, ღვაწლი მენელსაცხებელე დედებს. მარიამ მაგდალინელი და სხვები გალობენ და ზეიმობენ მაცხოვარის აღდგომას. მათი ლოცვა -კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“,- აღნიშნა ილია მეორემ.