უცხოეთი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - საფრანგეთში კორონავირუსის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არ არის, შესაძლებელია, უფრო მეტი ადრეული შემთხვევა გამოვლინდეს

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ ინფორმაცია საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევის დეკემბერში გამოვლენის შესახებ გასაკვირი არ არის. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

როგორც ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა, შესაძლებელია, რომ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევამდე ადრეულ პერიოდში „კოვიდ-19“-ის უფრო მეტი შემთხვევა იყო.

„ასევე შესაძლებელია, რომ უფრო მეტი ადრეული შემთხვევების აღმოჩენა მოხდეს“, – განაცხადა კრისტიან ლინდმაიერმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს, შეამოწმონ 2019 წლის გვიანდელი პერიოდის სავარაუდო შემთხვევები. მისი თქმით, ეს მსოფლიოს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით „ახალ და უფრო მკაფიო“ სურათს მისცემს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიით დაავადებული პაციენტების ძველი ნიმუშების შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ მათ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ მამაკაცს ჯერ კიდევ 27 დეკემბერს უმკურნალეს, ანუ საფრანგეთის მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის ოფიციალურ დადასტურებამდე ერთი თვით ადრე.

1tv.ge