უცხოეთი
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75-ე წლის აღსანიშნავად, აშშ, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი განცხადებას აქვეყნებენ

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75-ე წლის აღსანიშნავად, ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ 1945 წლის მაისმა ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაასრულა, მას არ მოუტანია მშვიდობა მთელი ევროპისთვის.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული ნათქვამია, რომ კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი, თითქმის 50 წლით, კომუნისტური რეჟიმის ქვეშ დარჩა.

„ბალტიის სახელმწიფოები უკანონოდ იქნა ოკუპირებული და ანექსირებული. საბჭოთა კავშირი კი რკინის ხელით ტყვეობაში მყოფ სხვა ქვეყნებზე იყენებდა სამხედრო ძალას, რეპრესიებსა და იდეოლოგიურ კონტროლს.

მრავალი ათწლეულის განმავლობაში, უამრავმა ევროპელმა კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილიდან გაწირა სიცოცხლე თავისუფლებისთვის. მილიონობით ადამიანს ჩამოერთვა უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლება, წამებისა და იძულებით გადაადგილების ობიექტი გახდნენ. საზოგადოებები რკინის ფარდის მიღმა სასოწარკვეთილი ეძებდნენ გზას დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ 1956 წლის მოვლენები, 77-ე ქარტიის შექმნა და მისი საქმიანობა, სოლიდარობის მოძრაობა, ბალტიის გზა, 1989 წლის შემოდგომის მოვლენები და ბერლინის კედლის დაცემა, „მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იყო, რამაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის შექმნაში“.

„დღეს ჩვენ ერთად ვმუშაობთ თავისუფალი და ძლიერი ევროპისთვის, სადაც ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა დომინირებს. მომავალი დაფუძნებული უნდა იყოს ისტორიის ფაქტებსა და ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთათვის სამართლიანობაზე. მზად ვართ დიალოგისთვის ყველასთან, ვინც მიისწრაფის ამ პრინციპებისკენ. ისტორიული მოვლენების მანიპულაცია, რამაც მეორე მსოფლიო ომამდე და შედეგად, ევროპის დაყოფამდე მიგვიყვანა, წარმოადგენს ისტორიის გაყალბების სამწუხარო მცდელობას.

გვსურს შევახსენოთ საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრს, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა საჭიროებს საერთაშორისო სამართლისა და ნორმების ჭეშმარიტ და განგრძობად დაცვას, მათ შორის ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. მეორე მსოფლიო ომის სასტიკი გაკვეთილით, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, შემოგვიერთდნენ გავლენის სფეროების მტკიცედ უარყოფასა და ყველა სუვერენული ერისთვის თანასწორობის მოთხოვნაში“ – აღნიშნულია განცხადებაში.

1tv.ge