საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობა 3 716.9 ათას კაცს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. 2020 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 716.9 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-8 243).

1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, დედაქალაქის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

საქსტატის ინფორმაციით, 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.4%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი − 64.5%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი - 15.1%-ს.

საანგარიშო პერიოდიში მამაკაცების რიცხოვნობამ 1 790.3 ათასი შეადგინა და წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3%-ით შემცირდა და 1 926.6 ათასი შეადგინა.

ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% მამაკაცი, ხოლო 52% – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.9-ს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.9 მამაკაცი მოდის.