პოლიტიკა
რუსეთი, სტალინის ტოტალიტარული რეჟიმის განდიდებით, 21-ე საუკუნეში განაგრძობს თავის დანაშაულებრივ პოლიტიკას ყირიმელი თათრების მიმართ! - საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის ერთობლივი განცხადება

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ექვსი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ყირიმელი თათრების წინააღმდეგ რეპრესიებს გმობს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ყირიმელი თათრების დეპორტაციის 76 წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ისტორიული საცხოვრებელი ტერიტორიიდან, ყირიმიდან, ყირიმელი თათრების უზბეკეთის, ყაზახეთისა და რუსეთის შორეულ რაიონებში დანაშაულებრივი დეპორტაციის შედეგად, დაიღუპა დეპორტირებულების თითქმის ნახევარი. დანარჩენები კი განიცდიდნენ მიზანმიმართულ კულტურულ და ენობრივ ასიმილაციას და 1989 წლამდე არ ჰქონდათ ყირიმში დაბრუნების უფლება.

ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ ყირიმელი თათრების ტრაგედია 2014 წელს განმეორდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ.

შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთი, სტალინის ტოტალიტარული რეჟიმის განდიდებით, 21-ე საუკუნეში განაგრძობს თავის დანაშაულებრივ პოლიტიკას დროებით ოკუპირებულ ყირიმში: ეს არის ყირიმელი თათრების მეჯლისის აკრძალვა, სისტემატური რეპრესიები, იმ ყირიმელი თათრების დევნა და უფლებების დარღვევა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევდნენ. ამან აიძულა ათასობით ყირიმელი თათარი, ყირიმის მკვიდრი მოსახლეობა, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და გადასულიყვნენ უკრაინის კონტინენტურ ნაწილში“, – აღნიშნულია დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და ყირიმელ თათრებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებენ, ასევე გმობენ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის მიმართ და ყირიმელი თათრების წინააღმდეგ ახალ რეპრესიებს.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა, სრულად შეასრულოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანების უფლებების მხრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნები ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დეოკუპაციასთან დაკავშირებით. რა მცდელობებსაც არ უნდა მიმართოს რუსეთმა ნახევარკუნძულის ოკუპაციის ლეგიტიმაციისთვის, ფაქტი რჩება უპირობო: ყირიმი უკრაინაა“, – ნათქვამია ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.