სამართალი
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 91 მლნ ევრო გამოუყო

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის დღეს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტზე.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ნაწილია მსოფლიო ბანკთან პირველ მაისს გაფორმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ სასესხო შეთანხმებისა, რომლითაც მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ აშშ დოლარი (ეკვივალენტი ევროში 73.1 მლნ) გამოყო.

უწყება განმარტავს, რომ საბიუჯეტო მხარდაჭერის მოცულობა შეადგენს 91 340 000 ევროს და მისი მიზანია საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა, მასზე რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერება.

ჩვენი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერისკენ და მოხმარდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდას, კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ასევე, „კოვიდ-19“-ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით“, – ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ხელმოწერილი ხელშეკრულება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.