სამართალი
ცოტა რთული სამუშაო წინ კიდევ გველოდება, მაგრამ ურთულესი უკვე შესრულდა ქართველი ხალხის მიერ - ადამ კინზინგერი

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ის საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე გამართული მოლაპარაკებების მონაწილე არ ყოფილა, თუმცა რა შეთანხმებაც შედგა მხარეებს შორის 8 მარტს, ის უნდა შესრულდეს.

ეს განცხადება კინზინგერმა ონლაინ პრესკონფერენციისას გააკეთა, როდესაც მას კითხვა დაუსვეს, როგორია მისი პოზიცია - 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში, მნიშვნელოვანია თუ არა პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლებაც.

ვიტყვი იმას, რასაც ვამბობდი - ჩემი როლი და საქმე აქ ისაა, რომ უზრუნველყოფილ იქნას 8 მარტს მიღწეული შეთანხმების განხორციელება და წინ წავიდეთ არჩევნებისკენ. ეს მთავარი საკითხია. მე არ ვყოფილვარ ამ განხილვების მონაწილე, არ ვიცი ყველაფერი, რაზეც შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ რაც ვიცი, ის არის, რომ რა შეთანხმებაც იყო მიღწეული 8 მარტს, ის უნდა შესრულდეს. ვფიქრობ ორივე მხარემ დიდი ძალისხმევა გასწია. დადებითი შეფასება უნდა მიეცეს იმას, რომ მშვიდობიანად ეცადნენ პრობლემის გადაჭრას, რადგან მშვიდობიანი გზა ერთადერთია, რომლითაც ორივე მხარისთვის გამარჯვება მიიღწევა და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი მიაღწევს გამარჯვებას. ასე რომ, არ ვაპირებ დეტალებში შესვლას, არ ვაპირებ ავირჩიო ერთი მხარე. მე მხოლოდ გამოსავლის ნახვა მსურს. მჯერა, რომ საარჩევნო სისტემა, რომელიც ამ პირობებში იქნა დაპირებული, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ისინი, სარგებლობის მომტანი იქნება ყველასთვის. ჩვენ, შეერთებულ შტატებში საქართველოს განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად ჩვენი მომავლისთვის და ჩვენ კვლავ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდში. ჩვენ საქართველოში ძალიან კარგი ელჩი გვყავს. მე საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მჯერა, რომ ყველას საქართველოსთვის საუკეთესო სურს და ვიცი ამას შევძლებთ“, - განაცხადა კინზინგერმა.

კონგრესმენის მოსაზრებით, ყველაზე რთული ეტაპი გადალახულია და ახლა მთავარი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებია.

შესაძლოა, ცოტა მეტი რთული სამუშაო კიდევ წინ გველოდება, მაგრამ ურთულესი სამუშაო უკვე შესრულდა ქართველი ხალხის მიერ. ასე რომ, ჩვენ აღვნიშნავთ ამ წარმატებას და წინ მივიწევთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ ოქტომბერში. იმედი მაქვს, რომ მანდ ვიქნები ოქტომბერში, თუკი კვლავ შევძლებთ მიმოსვლას“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.