უცხოეთი
„სიენენი“ - საქართველო, რომლის ხელისუფლებსაც ტურიზმის სექტორის აღორძინების სურვილი ამოძრავებს, უცხოელი სტუმრებისთვის პირველი ივლისიდან გაიხსნება

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან დაიწყებს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ​კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ტურიზმის აღმასვლა იყო.

„ხუთი მილიონი სტუმარი 2019 წელს, რაც 7%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა 2020 წლის მარტში, კრიზისის გამო, ქვეყანა იძულებული გახდა, დაეხურა ზამთრის კურორტები და ყველა უცხოელი მოგზაურის ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. ხელისუფლება, რომელსაც ტურიზმის სექტორის აღორძინების სურვილი ამოძრავებს, აცხადებს, რომ ქვეყანა უცხოელი სტუმრებისთვის პირველი ივლისიდან გაიხსნება. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა წარადგინეს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სამ ეტაპს მოიცავს, მათ შორის მარკეტინგის კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც „უსაფრთხო ტურისტული მიმართულების“ პოპულარიზაციას.

მეორე ეტაპზე ნებადართული იქნება შიდა ტურიზმი სპეციალურ „უსაფრთხო“ ტურისტულ ზონებში, ხოლო დასკვნით ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენა ზოგიერთი მიმართულებით.

„ჩვენ გადავდივართ კორონავირუსზე რეაგირების მე-3 ეტაპზე, რაც გულისხმობს ეკონომიკის კრიზისის შემდგომ მართვას და სხვადასხვა სექტორის აღდგენის გეგმის შემუშავებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან ბრძოლის საბჭოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე.

ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც შეეხება ანტიკრიზისული ზომები“, – წერს „სიენენი“.

1tv.ge