პუბლიკაციები
გენერალ-ლეიტენანტი ვანო გურგენიძე: „ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინათ ქვეყანაში იყო ყველაფერი, რასაც თამამად შეიძლება ეწოდოს სამხედრო-საწარმოო კომპლექსი. რომელ ბოროტმოქმედს დასჭირდა, ძირფესვიანად გაენადგურებინა ეს სიმდიდრე?!“

generali_vano„გაუმართლებლად მიმაჩნია საქართველოს მონაწილეობა ნებისმიერ პოლიტიკურ ავანტიურაში, თუნდაც, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის აბრით!“ – მიაჩნია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს შეიარაღების დარგში, გენერალ-ლეიტენანტ ვანო გურგენიძეს, რომელსაც საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ მიმართა თხოვნით – კომენტარი გაეკეთებინა ჩვენი არმიის დღევანდელ მდგომარეობაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და მომზადების საკითხებისადმი მიდგომაში ძირეული ცვლილებების შემდეგ.

გენერლის დოსიე: გენერალ-ლეიტენანტი ვანო გრიგორის ძე გურგენიძე, 1992-2000 წლებში – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე შეიარაღების დარგში.

1960 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა ომსკის უმაღლეს საერთო საჯარისო სასწავლებელში. სამსახური დაიწყო ქ. მინსკში 120-ე გვარდიული დივიზიის მოტომსროლელი ოცეულის მეთაურად. 1996 წლიდან ვანო გურგენიძე მინსკის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უმაღლესი საინჟინრო საზენიტო-სარაკეტო სასწავლებლის კურსანტია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1971 წელს, წარგზავნეს ტაჯიკეთში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-12 არმიაში.

მესამე სამხედრო სასწავლებელი, რომელიც გენერალმა გურგენიძემ დაამთავრა, ხარკოვის მარშალ გოვოროვის სახელობის სამხედრო-საინჟინრო აკადემიაა (ხელმძღვანელი საინჟინრო შემადგენლობის ფაკულტეტი).

1978-1991 წლებში მსახურობდა თბილისში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარებში, სადაც ჯერ – სარაკეტო-საარტილერიო კორპუსის სამსახურის უფროსის, შემდეგ კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-19 არმიის მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა, რომლის პასუხისმგებლობის ზონაშიც შედიოდა მთელი ამიერკავკასია და ჩრდილოეთ კავკასია. 1992 წლის იანვრიდან გენერალი ვანო გრიგორის ძე გურგენიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეა შეიარაღების დარგში. თადარიგში გავიდა 2000 წელს.

– ბატონო გენერალო, ერთხელ, სამხედრო ჟურნალისტად მუშაობისას, თავდაცვის მინისტრს ვახლდი ქუთაისში, სადაც სავსებით თანამედროვე დონის ზოგიერთი თავდაცვის საწარმო დავათვალიერეთ. გვითხარით, გვაქვს თუ არა დღეს სამხედრო-საწარმოო კომპლექსის დაწესებულებები, რომლებსაც ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაძლიერება შეუძლია?

უნდა გითხრათ, რომ ერთობ მტკივნეულ თემას შეეხეთ. არადა, სულ ცოტა ხნის წინათ ქვეყანაში იყო ყველაფერი, რასაც თამამად შეიძლება სამხედრო-საწარმოო კომპლექსი ეწოდოს. ეს იყო ქარხანა „არსენალი“, სადაც სხვადასხვა დანიშნულების ჭურვები და მრავალი სახის შეიარაღებისა და ტექნიკის რემონტი იწარმოებოდა. საკმარისია, ითქვას, რომ ქარხანა 1000-მდე სამუშაო ადგილს უზრუნველყოფდა. ასევე, უნდა გავიხსენოთ საავიაციო და ტანკსარემონტო ქარხნები თბილისში, ქუთაისის ავტოქარხანა, სადაც საბაზო სამხედრო საბარგო მანქანებს უშვებდნენ, და აქვე – ქუთაისის ქარხანა შვეულმფრენთა სარემონტოდ; ბათუმში აწარმოებდნენ „აისტებსა“ და „გრიფებს“ – კატერებს, რომლებსაც აუცილებლობის შემთხვევაში სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებდნენ. და ეს ყველაფერი როდია.

თბილისში ფუნქციონირებდა თავდაცვის საწარმოები „ორბი“, „სხივი“ და „ბერტა“, სადაც 120-მილიმეტრიან ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებსა და წუნდაუდებელ ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობას უშვებდნენ. საწარმოები დაკომპლექტებული იყო მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით. თავდაცვაზე მუშაობდა ტექსტილისა და ფეხსაცმლის ფაბრიკებიც, სადაც სამხედრო ფორმები და ჯარისკაცის ფეხსაცმელი იწარმოებოდა.

მახსოვს საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც შეიარაღების ზოგიერთი სახეობის ერთობლივი წარმოებისთვის დაიდო. მთელ ამ მეურნეობას დიდი სარგებლობა მოჰქონდა პირველადი მოთხოვნილების იარაღით ჩვენი არმიის აღჭურვაში. ამას გარდა, სავალუტო საშუალებათა მნიშვნელოვან ეკონომიას სწევდა. ახლა ყველაფერი ტკბილ მოგონებად შემორჩა... საინტერესოა, რომელ ბოროტმოქმედს დასჭირდა, ძირფესვიანად გაენადგურებინა ეს უძვირფასესი მიღწევა?

– გარკვეული პარტიული კუთვნილების ადამიანებისგან არაერთხელ მსმენია, რომ ჩვენი სამხედროების ყოფნას საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში ერაყსა და ავღანეთში არა მარტო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, არამედ ერთობ სასარგებლოა მათთვის აუცილებელი გამოცდილების მიღების თვალსაზრისით. ეთანხმებით თუ არა ამ აზრს, ბატონო ვანო?

– კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ერაყსა და ავღანეთში ჩვენს ყოფნაზე, თანაც, ორი მიზეზით:

ჯერ ერთი, გაუმართლებლად მიმაჩნია ჩვენი მონაწილეობა ნებისმიერ პოლიტიკურ ავანტიურაში, თუნდაც, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ლოზუნგით! დღეს, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ საერთაშორისო არენაზე საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ჩატარებულ ყოველ აქციას აშშ „ნაირფერი ტანსაცმლით“ მოსავს, რათა პასუხისმგებლობა გადაუნაწილოს ბევრ რამეში აშშ-ზე დამოკიდებულ სხვა ქვეყნებს. ვფიქრობ, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სხვის ლაშქრობებში მონაწილეობა ცუდის მომტანია... მართლაც რომ „დაიბედოს“ ტერორისტები?!

მეორეც, რის აღნიშვნაც განსაკუთრებით მინდა – ერაყსა და ავღანეთში ათასი უბედურების მომსწრე ჩვენს ჯარისკაცებს შესაძლოა, ვიეტნამური ტიპის სინდრომი დაემართოთ! მერედა, ჩიტი ბდღვნად ღირს?! რაც შეეხება გამოცდილებას, რომელსაც ჩვენი მშვიდობისმყოფლები იძენენ, ეს სრულებით სხვაგვარი ტიპის გამოცდილებაა და საეჭვოა, სამშობლოს დაცვისას გამოადგეთ.

– ბატონო ვანო, თქვენ როგორ აღიქვით სენატორ მაკეინის განცხადება იმის თაობაზე, რომ აშშ საქართველოს მისი სამხედრო პოტენციალის გაზრდაში დაეხმარება, მით უფრო, რომ განცხადება ანტირუსული რიტორიკით იყო განმტკიცებული?

რაც შეეხება საქართველოს პოტენციალის გაზრდას, რასაკვირველია, ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ეს გონივრულ ფარგლებში უნდა ხდებოდეს, რათა ხელისუფლებას მორიგი არაგონივრული გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯებისკენ არ უბიძგოს. როგორც ცნობილია, ორჯერ ერთსა და იმავე შეცდომას მარტოოდენ ბრიყვები იმეორებენ, რაც, ჩვენ შემთხვევაში, მაკეინისა და მისი მსგავსებისთვის ძალზე ხელსაყრელი იქნებოდა!

– დასასრულ, ბატონო გენერალო! რამდენად გონივრულია რუსეთის ნომერ პირველ მტრად გამოცხადება?.. მითხრეს, რომ ეს დებულება ახალი კონცეფციის ტექსტშიც კი დაუფიქსირებიათ…

თავადაც მშვენივრად გახსოვთ, არც ისე დიდი ხნის წინათ, როცა მე და გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვხელმძღვანელობდით, წვრთნების დროსაც კი არცერთ პირობითად მოწინააღმდეგე მხარეს კონკრეტული სახელი არ ენიჭებოდა. რასაკვირველია, ეთიკური მოსაზრებებით. საქმე ყოველთვის აბსტრაქციებით შემოიფარგლებოდა: „ჩრდილო-სამხრეთელი“, ანდა „ლურჯი-თეთრები“.

მიმაჩნია, რომ ეს მართებული პრინციპია, რომლის გამოყენება ოფიციალური დოკუმენტების მიღებისასაც უპრიანია. უნდა გვახსოვდეს, რომ მუდმივი მტრები არ არსებობენ, არსებობს მუდმივი ინტერესები!

 

ესაუბრა გივი ბაქრაძე

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“