სამართალი
აშშ-ის ელჩი ეუთო-ში - რუსულმა ჯარმა საქართველო უნდა დატოვოს, გვსურს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქართველი ხალხის ხილვა

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. მე ვიცნობ საქართველოს, მის ისტორიას და რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აღარ სურთ, რუსეთის ნაწილი იყვნენ, - ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუში, რომელსაც Unian.net-ი აქვეყნებს, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს საქართველოს ტერიტორიებია, საზღვრის ხელოვნურად შექმნის ნებისმიერი მცდელობა ევროპის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს არღვევს.

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შეუძლია, საქართველოს შემადგენლობაში მშვიდად და თავისუფლად ცხოვრება და აშშ ამას უპირობოდ უჭერს მხარს. რუსეთს არ შეუძლია თავისუფლად შევიდეს და დაიპყროს ეს ტერიტორიები, დასვას თავის მარიონეტული რეჟიმები და ამით მთელი ევროპის დესტაბლიზაცია განახორციელოს. ეს ის არ არის, რისი ხილვაც ჩვენ გვსურს. ჩვენ გვსურს სტაბილური ევროპის, სტაბილური კავკასიისა და დამოუკიდებელი და თავისუფალი ქართველი ხალხის ხილვა.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ მანამ, სანამ რუსული ჯარი არ შეიჭრა საქართველოში. ყველაფერი ძალიან მარტივია: რუსული ჯარი უნდა გავიდეს. საქართველოს მიზანია, ერთიანი ქვეყანა ჰქონდეს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. საქართველოს სურს სუვერენული სახელმწიფო იყოს და თავისი მომავალი განსაზღვროს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში.