სამართალი
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზე - მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება გვქონდეს საუბარი, თუ მას აქვს ასეთი ინტერესი

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი იყოს საპარლამენტო სიაში, ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება ვიხილოთ სიაში მამუკა ბახტაძე და აღნიშნა, რომ მასთანაც შეიძლება, იყოს ამაზე საუბარი, თუ ბახტაძეს ასეთი ინტერესი აქვს.

"მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი იყოს საპარლამენტო სიაში, ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ, მათ შორის, რა თქმა უნდა თავად პრემიერთან კონსულტაციის საფუძველზე. ყველაფერი დანარჩენი, რაც სიას უკავშირდება, ამაზე საუბარი არის ნაადრევი. გვექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებთ ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს. ყველასთან გვექნება საუბარი, მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება გვქონდეს საუბარი, თუ მას აქვს ასეთი ინტერესი. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება სია. კონკრეტული კონსულტაციები ჯერ არავისთან ყოფილა", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას - შესაძლებელია თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში იყოს, ასე უპასუხა: "ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ".

გახარიას განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციები ადრეა, რადგან ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ამოცანები აქვს.