აქტუალური
კელი დეგნანი - საქართველომ აჩვენა, რომ არა მხოლოდ ერთგულია ნატოს მხარდაჭერისა, არამედ უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას საკუთარი თავდაცვის ძალები

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. საქართველომ აჩვენა, რომ არა მხოლოდ ერთგულია ნატოს მხარდაჭერისა, არამედ უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს ამ მისიებში მონაწილეობისათვის , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვაზიანში განაცხადა.

გუშინ ამერიკელმა და ქართველმა სამხედროებმა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა სწავლება დაასრულეს.

ამ სერტიფიცირების სწავლების ჩატარება კიდევ ერთი ნათელი წერტილია აღნიშნული პროგრამის, რომელიც 10 წელზე მეტს ითვლის. საქართველომ აჩვენა, რომ არა მხოლოდ ერთგულია ნატოს მხარდაჭერისა, არამედ უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს ამ მისიებში მონაწილეობისათვის", - აცხადებს კელი დეგნანი, რომლის კომენტარსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან ერთად ვაზიანში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო მისიისთვის მომზადების პროცესს გაეცნო, საჩვენებელ სწავლებას დაესწრო და სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებული საერთაშორისო მისია უსურვა.