აქტუალური
ჩვენ გავაქტიურებთ საქართველოს მაკროეკონომიკურ მხარდაჭერას და ვაჭრობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის - ურსულა ფონ დერ ლაიენი

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველო უნდა ელოდოს ერთობლივად დასახული მკაფიო მიზნების კომბინაციას და ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე, ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ეს ყველაფერი საქართველოს კეთილდღეობას მოუტანს და გააღრმავებს ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ლიდერთა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პირველი არხის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა, რას უნდა ელოდოს საქართველო სამომავლოდ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამისგან, რაზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა ის ძირითადი მიმართულებები ჩამოთვალა, რომლებსაც ევროკავშირის მხარდაჭერა მოიცავს.

პირველ რიგში, ჩვენ გავაქტიურებთ საქართველოს მაკროეკონომიკურ მხარდაჭერას და ასევე, ვაჭრობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ინვესტიციების დაბანდებას ვგეგმავთ მცირე და საშუალო საწარმოებში, რათა გაუმჯობესდეს ეკონომიკური მდგომარეობა. მაგალითად, მობილობის გაუმჯობესება. ასევე იქნება ინვესტიციები კავშირების განმტკიცებაში, რაც ასევე მოიცავს ციფრულ ინფრასტრუქტურას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ასევე მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც ეკონომიკას უფრო მეტად მწვანეს გახდის, რაც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს. ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ეს საკითხი ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ასევე შესაძლებლობას, რომ კანონის უზენაესობა დაცული იყოს. ასევე, მხარს დავუჭერთ კარგი მმართველობის განვითარებას. ასე რომ, საქართველო უნდა ელოდოს ერთობლივად დასახული მკაფიო მიზნების კომბინაციას და ფინანსურ მხარდაჭერას. ასევე, ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ყველაფერი საქართველოს კეთილდღეობას მოუტანს და გააღრმავებს ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. რაც მთავარია, ხალხი, მოქალაქეები უფრო მეტად დაუახლოვდებიან ერთმანეთს, უკეთ გაიცნობენ და ბიზნესში ერთად ჩაერთვებიან. ახალგაზრდებს ექნებათ ჩვენს პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა. ასე რომ, ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომელთა წამოწევაც გვსურს საქართველოსთან“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.